როგორ ვესაუბროთ ბავშვს ბრაზზე — 5 პრაქტიკული რჩევა
ბრაზი ერთ-ერთი პირველი ემოციაა, რომელსაც მშობლები ბავშვში „პრობლემად“ აღიქვამენ. სინამდვილეში ბრაზი მნიშვნელოვანი ადაპტაციური ემოციაა: ის გვეუბნება, რომ საზღვარი დაირღვა, მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდა, რაღაც უსამართლოდ მოგვეჩვენა.
პრობლემა ბრაზი კი არა, მისი უკონტროლო გამოხატვაა. და სწორედ ეს არის ის უნარი, რომელიც ბავშვს უნდა ვასწავლოთ — ისევე თანმიმდევრულად, როგორც კბილების გახეხვას.
1. დაასახელეთ ემოცია
„ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზდი“ — ეს მარტივი ფრაზა ბავშვს ეუბნება, რომ მისი განცდა შემჩნეულია და მას სახელი აქვს. კვლევები აჩვენებს: ემოციის დასახელება თავად ამცირებს მის ინტენსივობას.
2. გამიჯნეთ გრძნობა და ქცევა
„გაბრაზება შეიძლება, ცემა — არა.“ ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ემოცია ყოველთვის მისაღებია, ქცევას კი საზღვრები აქვს.
3. ასწავლეთ „ხერხები“ მშვიდ დროს
ღრმა ჩასუნთქვა, ათამდე თვლა, „ბრაზის ბალიშის“ მოხმარება — ეს ტექნიკები მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ბავშვმა ისინი მშვიდ მდგომარეობაში აითვისა. ბრაზის პიკზე ახალი უნარი არ ისწავლება.
4. იყავით მოდელი
ბავშვი ბრაზის მართვას უპირველესად თქვენგან სწავლობს. თქვით ხმამაღლა: „ახლა ვბრაზდები, ამიტომ ჯერ ღრმად ჩავისუნთქავ.“ ეს გაკვეთილი ნებისმიერ წიგნზე ძლიერია.
5. გამოიყენეთ ისტორიები
პერსონაჟის გავლით ბავშვი საკუთარ განცდას უსაფრთხო დისტანციიდან უყურებს. „როგორ მოერია ანანო ბრაზს“ სწორედ ასე მუშაობს: ანანოს ხერხები თანდათან ბავშვის ხერხები ხდება.
ბავშვს, რომელსაც ბრაზის მართვას ვასწავლით, ვასწავლით არა სიმშვიდეს, არამედ თავისუფლებას — ემოცია აღარ მართავს მას.